ნოდარ კაპანაძე სომხეთის საგარეო კურსზე: „სომხეთის მმართველი პოლიტიკური გუნდი აშკარად ამბობს, რომ სომხური ხომალდი უნდა შეტრიალდეს დასავლეთის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი იყო სომხეთის ექსპორტის მთავარი ბაზარი, რკინიგზის მფლობელი, სასაზღვრო ჯარებიც კი რუსული იყო – ასეთი მყარი ბმის ასე იოლად გაწყვეტა ალბათ ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“

15

„სომხეთის მმართველი პოლიტიკური გუნდი აშკარად ამბობს, რომ სომხური ხომალდი უნდა შეტრიალდეს დასავლეთის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი იყო სომხეთის ექსპორტის მთავარი ბაზარი, რკინიგზის მფლობელი, სასაზღვრო ჯარებიც კი რუსული იყო – ასეთი მყარი ბმის ასე იოლად გაწყვეტა ალბათ ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ სომხეთის საგარეო კურსზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც მახსოვს სტატისტიკური მონაცემებით, სომხეთის ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე ბმა იყო თითქმის ცალსახა და ხისტი. რუსეთი იყო სომხეთის ექსპორტის მთავარი ბაზარი, რკინიგზის მფლობელი; სასაზღვრო ჯარებიც კი რუსული იყო და, გარდა ამისა, ეკონომიკური მიგრანტები და სომხური გავლენის ჯგუფები რუსეთში ერთ-ერთი უძლიერესი იყო და არის დღესაც. აი, ასეთი მყარი ბმის ასე იოლად გაწყვეტა ალბათ ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს.

ეს პროცესები ჩვენ ნაკლებად შეგვეხება, თუმცა გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, შეგვეხება, რადგან ბუნებრივია, როდესაც შენს მეზობელთან „ცეცხლი ანთია“, შენც გაქვს პრობლემები. ჩვენს ეკონომიკაზე რუსეთის გავლენა რომ დავთვალოთ, ამ კავშირის გაწყვეტა ჩვენთვის იყო დამანგრეველი და სომხეთისთვის ეს გაცილებით დამანგრეველი იქნება.

მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით დეკლარაციების დონეზეა და რადიკალური ღონისძიებები არ გატარებულა არც ერთი და არც მეორე მხრიდან – ჯერჯერობით მხოლოდ სიგნალებია. ის, რომ სომხეთს ყვავილები, კონიაკი და ხილი „ჩაუკეტეს“, ეს ყველაფერი ბავშვური თამაშია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს: მაგალითად, ენერგომომარაგების შეწყვეტა, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ოპერირებაზე უარის თქმა, სომხეთთან ფინანსური კავშირის გაწყვეტა – სომხეთისთვის ეს დამანგრეველი იქნება“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.