„თუ პუტინმა სწრაფად ვერ გამონახა გზა ამ არაპოპულარული ომის დასასრულებლად, შიდა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო მისი პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება“ – თამარ კიკნაძე

26

„თუ პუტინმა სწრაფად ვერ გამონახა გზა ამ არაპოპულარული ომის დასასრულებლად, შიდა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო მისი პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

„სხვადასხვა განცხადებებს ვისმენთ, მათ შორის ვლადიმერ პუტინის განცხადებებსაც, რომ ომი მალე დასრულდება. თუმცა საინტერესოა, როგორ დასრულდება იგი. უკვე თავადაც ომს უწოდებენ და არა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, როგორც თავდაპირველად იყო.
ზოგადად, ეს ომი ძალიან უარყოფითი მოვლენაა. ფაქტობრივად, მას სამოქალაქო ომის ნიშნებიც აქვს. ნახეთ, რამდენი რუსული გვარის წარმომადგენელია უკრაინის პოლიტიკურ და სახელმწიფო ელიტაში და პირიქით — რამდენი უკრაინული გვარის წარმომადგენელია რუსეთში. თავად პუტინიც არაერთხელ ამბობდა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ძალიან ნეგატიური მოვლენა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება. გარდა ამისა, ომი ახალი იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების გამოცდის პოლიგონად იქცა, სადაც დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს ეჯიბრებიან. თუმცა ომი ძალიან გაიწელა. ის უკვე უფრო დიდხანს მიმდინარეობს, ვიდრე მეორე მსოფლიო გაგრძელდა. ასეთი ხანგრძლივი ომი კი მოსახლეობის დაღლას, რესურსების გამოფიტვასა და საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებას იწვევს.

სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ამ ომის დასაწყისში პუტინის რეიტინგი გაცილებით მაღალი იყო, დღეს კი ვხედავთ, როგორ შეიცვალა ვითარება. გარდა ამისა, ქვეყნის შიგნითაც სერიოზული განხეთქილებაა.

ამასთან, რუსული ელიტა იმდენად ინტეგრირებულია დასავლეთთან, რომ უკმაყოფილება პოლიტიკურ წრეებსა და თავად პუტინის მიმართ სულ უფრო იზრდება. ამიტომ, თუ მან სწრაფად ვერ გამონახა გზა ამ არაპოპულარული ომის დასასრულებლად, შიდა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო მისი პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.