„ტრამპის მიზანია, რომ ამერიკა ისე გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან, რომ საკუთარი სახე არ დაკარგოს“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ ირან- ამერიკის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„მე მაინც მგონია, რომ ირანი და ამერიკა მოლაპარაკებას შეძლებენ და საბოლოოდ გარკვეულ შეთანხმებამდე მივლენ.
ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი ინიცირებული იყო ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ. ამასთან, მისი პოლიტიკური მდგომარეობაც მარტივი არ არის, რადგან მშვიდობიანი პროცესის შემთხვევაში მას სასამართლო დავები ელოდება. ცნობილია, რომ მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს როგორც ისრაელში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამიტომ ბუნებრივია, მას ხელს არ აძლევს ამ ომის დასრულება.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მას სხვა პრობლემები აქვს. ირანთან მას უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები აწყობს, რაც დაკავშირებულია ენერგეტიკულ საკითხებთან, მათ შორის ნავთობის ბაზართან, ორმუზის სრუტის უსაფრთხოებასთან, ასევე ბაბ-ელ-მანდების სრუტესა და ჰუსიტების აქტივობებთან. შესაბამისად, ტრამპის მიზანია, რომ ამერიკა ისე გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან, რომ საკუთარი სახე არ დაკარგოს.
ამ ვითარებაში ირანი კიდევ უფრო ხელსაყრელ პოზიციაშია. ეს არის უნიკალური ქვეყანა განსაკუთრებული გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობით, მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი და იმპერიული ტრადიციებით. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, ბიუროკრატიული სისტემა და ისტორიული გამოცდილება ირანის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად რჩება.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ირანი ამ ომიდან ისე გამოვიდეს, რომ სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს — თავისი მოსახლეობით, ახალგაზრდა მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილით, ნანოტექნოლოგიებისა და ზოგადად ტექნოლოგიების განვითარების მაღალი დონით და იმ იმპერიული გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.


