სტამბოლში, ბაზილიკა „ცისტერნაში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და იდენტობაზე.
„ეროვნული დღე არის სწორედ ის დღე, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახლო მეგობრობაზე. მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართული თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ საერთო მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საქართველოს თავმჯდომარეობა და ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში დიალოგის მნიშვნელობას.
„ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
ღონისძიების სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანმა. ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი ლაზარ კომანესკუ.


