ზურაბ ქადაგიძე ლგბტ იდოლოგიაზე: „ძალიან საამაყოა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც ეს საშიში იდეოლოგია კანონგარეშედ გამოაცხადა და საკუთარი იდენტობის დაცვა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაქცია“

7

„ძალიან საამაყოა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც ეს საშიში იდეოლოგია კანონგარეშედ გამოაცხადა და საკუთარი იდენტობის დაცვა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაქცია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „ლიბერალიზმის ანატომია“ ლგბტ იდოლოგიაზე საუბრისას განაცხადა.

„პერიოდულად ვეცნობი სტატისტიკებს ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებით. მათ შორის, გავეცანი Gallup-ის ძალიან საინტერესო კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ის, რაც ამ მიმართულებით მზარდ და შეუქცევად პროცესად გვესახებოდა, გარკვეულწილად შეიცვალა და უკურეაქცია გამოიწვია.

მეტსაც გეტყვით, ტრანსგენდერების მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო საინტერესოა. კვლევების მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს ტრანსგენდერად აიდენტიფიცირებდნენ, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საუბარია მილიონობით ადამიანზე, რომელსაც აზრი შეეცვალა.

რამ გამოიწვია ეს? ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ტრამპის მოსვლამ და მისმა მკვეთრმა პოლიტიკამ, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. აქ მოქმედებს ე.წ. ბუმერანგის პრინციპი: როდესაც ხდება გარკვეული იდეების ძალდატანებით დანერგვა, ეს უკვე კულტურულ თანაცხოვრებასაც სცდება. ზოგიერთი გადაწყვეტილება კანონის დონეზეც კი ძალდატანებად აღიქმებოდა, მაგალითად, როდესაც სამართლებრივად განისაზღვრა პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მისთვის სასურველი ნაცვალსახელით არ მიმართავდნენ.

ამერიკის 11 შტატში ამჟამად მიმდინარეობს გეი ქორწინების დაკანონების საკითხის გადახედვაზე მსჯელობა. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს თემა კვლავ აქტუალურია და საბოლოოდ დახურულ საკითხად არ მიიჩნევა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის საკითხი კვლავ რელევანტური და ძალიან მგრძნობიარეა.

საზოგადოების განწყობების ცვლილება ადგილობრივი მოსახლეობის, იმ ადამიანების რეაქციამ განაპირობა, რომლებმაც ეს პროცესები საკუთარ თავზე გამოცადეს. წარმოიდგინეთ, რომ ტრადიციული, კონსერვატიული ოჯახის მომხრე ხართ და თავზე გახვევებ ისეთ წესებს, რომ შეცდომით ვინმეს მისთვის არასასურველი ნაცვალსახელით რომ მიმართო, ჯარიმა უნდა გადაიხადო. სწორედ აქ ამოქმედდა ის ბუმერანგის პრინციპი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე — საზოგადოების ნაწილმა ამ პროცესებს საპასუხო რეაქციით უპასუხა.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ის ძალები, რომლებსაც „დიფ სთეითს“, „გლობალური ომის პარტიას“ ან გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურის შემქმნელებს ვუწოდებთ. მათი მიზანი უფრო მარტივად მართვადი და სტერილური საზოგადოების შექმნაა. სწორედ ამიტომ, რასაც ახლა ვუყურებთ, ეს ნამდვილად არის მსოფლიო ხალხთა ფიზიკური, მორალური და სულიერი სტერილიზაციის მცელობა.

ამ ფონზე, თუ საქართველოზე ვისაუბრებთ, მიმაჩნია, რომ ქვეყანა სწორ პოზიციაზე დგას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კანონმდებლობის დონეზე ჩაწერა და განსაზღვრა ოჯახური ღირებულებების დაცვა. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა და გამუდმებით ისმის ამ კანონების გაუქმების მოთხოვნაც.

აქედან გამომდინარე, მე ამ მიმართულებით საქართველოში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავ. პირიქით, ძალიან საამაყოა, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც ეს საშიში იდეოლოგია კანონგარეშედ გამოაცხადა და საკუთარი იდენტობის დაცვა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაქცია“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.