“ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად მოვინახულეთ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის მიმდინარე პროცესი”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
“აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000 წლოვანი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორია. აქ მისცა დასაბამი წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქართულ ეკლესიას, რომელიც ორი ათასწლეულია ჩვენი იდენტობის საფუძველია. აქ ინახებოდა აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ქართველი ხალხის განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ”, – წერს შალვა პაპუაშვილი.


