ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმებს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მნიშვნელოვანი უწყებათაშორისი დოკუმენტები ყირგიზეთის რესპუბილიკაში საქართველოს სამთავრობო
დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა დანიარ ბოსტონოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და მოიცავს ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფრენების უსაფრთხოება, საავიაციო უშიშროება, სტანდარტიზაცია, აეროპორტებისა და სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა.
დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სფეროში პარტნიორობა ასევე შეეხება ავიასაწარმოებისა და პერსონალის სერტიფიცირებას. ამასთან, დოკუმენტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვის პროცესში.
სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დირექტორმა ბექსულთან ტოკონოვმა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააზიარონ და დანერგონ სახელმწიფო აქტივების აღრიცხვისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა. ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით, მხარეებს შორის დაიგეგმება კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრები, ერთობლივი ღონისძიებები, სემინარები და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები.
მემორანდუმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და სახელმწიფო უწყებებს შორის დარგობრივი პარტნიორობის გაძლიერებას.


