„ყველას შევახსენებ, რომ ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დააწესა. ამით დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა აბასთუმანში ყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
„ამ მხრივ, ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, მაშინ, როდესაც სხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებს. შემდეგ რომ ეს დარღვევა როგორღაც დაეფარათ, საქართველოზე მორგებული სპეციალური რეგულაციები მიიღეს. გადაუხვიეს ყოველგვარ გონივრულობას და სავიზო მიმოსვლის ლოგიკას და სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომელსაც ავრცელებენ მხოლოდ საქართველოზე, სადაც საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოგვთხოვონ ე.წ. დემოკრატიული განვითარების მოტივით. შეუძლიათ, გამოიგონონ აბსოლუტურად ყველაფერი. გვითხრან, რა კანონი მივიღოთ, რა – არ მივიღოთ. მარცხენა ფეხზე დავუდგეთ თუ მარჯვენაზე და ასე შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადაც ბრიუსელმა მიიყვანა ევროკავშირი – ის საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია.
იმდენად არაკვალიფიციურად იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ ეს მათ იმედს აძლევს, რომ საბოლოო ჯამში, არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რითაც საკუთარ თავს დაიზიანებენ.
აქამდე რაც გააკეთეს, დაიზიანეს მხოლოდ საკუთარი თავი. დააზიანეს მხოლოდ ევროკავშირი და ნდობა ევროკავშირის მიმართ. ასე რომ, თუ უნდათ, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ, ეს გააკეთონ.
საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიციები წარადგინა. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.


