გურამ მაჭარაშვილი: “ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს; უფრო მეტიც – ეს მისი ვალდებულებაა, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის გამო კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ”

20

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე მედიაში გავრცელებულ მასალაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ჩირქი მოსცხოს მთელ სამართალდამცველ სისტემას.

„რადიკალური ოპოზიცია არ ფიქრობს, რა მოჰყვება პოლიციის დისკრედიტაციას სამართალდამცველ სისტემაში, ძალოვან უწყებებში, შსს-ში, პოლიციელების ოჯახებში. ამაზე რომ ფიქრობდნენ, აქციებზე მდგარი ხალხი “მოლოტოვის კოქტეილებსა” და ქვებს ხომ არ ესროდა, ხომ არ შეურაცხყოფდა პოლიციას. თან საუბარია არა ერთსა და ორ შემთხვევაზე, არამედ ათეულობით პოლიციელის შეურაცხყოფაზე. ხაზგასასმელია, რომ ეს პოლიციელები კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ; ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები. რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, რომ პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები დგანან. ეს მათთვის არაფერს წარმოადგენს. ვიმეორებ: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, რომ პროპორციული ძალა გამოიყენოს. ეს მისი ვალდებულებაც არის, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის შემდეგ კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ. ეს ის ძალაა, რომელსაც, რაც მალე დავასრულებთ სამართლებრივად, უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში, არფერი შეიცვლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.