ნინო წილოსანი: „ყველა ანგარიშში, რომელსაც მათ შორის ევროკომისიის დაკვეთით ასრულებენ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით საქართველო იმსახურებს, როგორც მოლაპარაკებების გახსნას, ასევე შემდგომში ევროკავშირის წევრად გახდომას“

16

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ როგორ მიმზიდველად გამოაცხადებენ უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების იმ კლასტერის გახნას, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა დაახლოებით ორი წელი ელოდა, რადგან 2024 წელს დააანონსეს, რომ მოლაპარაკებებს უხსნიან ამ ორ ქვეყანას, განსხვავებით საქართველოსგან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოვლად უსამართლოდ შეუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი, თუმცა უკრაინაც და მოლდოვაც ორი წელი ელოდნენ, რომ კონკრეტულ ქმედებებზე გადასულიყო ევროკავშირის ბიუროკრატია.

„დღეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადეს, რომ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი იხსნება. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და თუ თურქეთის მაგალითს შევხედავთ, ფაქტობრივად 2005 წლიდან აქვს გახსნილი მოლაპარაკებები და ეს პერსპექტივა ნამდვილად დამთრგუნველია. სერბეთის და სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ვხედავთ, რომ 2012-2014 წლებიდან აქვთ გახსნილი მოლაპარაკება და ვხედავთ, რომ ამ პროცესს დასასრული არ უჩანს.

არ ვიცი რამდენად დაიმედდება ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი, როდესაც მათ მოლაპარაკებების მხოლოდ ერთი ნაწილი გაუხსნეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პირველი კლასტერი არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და არის ექვსი მსხვილი ბლოკი, რომლის მიხედვითაც ამ ორმა ქვეყანამ მოლაპარაკებების პროცესში უნდა შეასრულონ დავალებები, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან მიიღებენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინელი ხალხისთვის ნამდვილად არ იქნება ეს ყველაფერი დამამშვიდებელი, რადგან ხედავენ, რომ ერთი მხრივ მიმდინარეობს უსასტიკესი ომი მათ ქვეყანაში და აქეთა დამაიმედებლად მოლაპარაკებების მხოლოდ პატარა ნაწილია გახსნილი.

„პერსპექტივაშიც კი ვერ ხედავენ როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი და როდის დაიცავს ევროკავშირის დიდი ქოლგა მას. სახარბიელო ნამდვილად არაფერი აქვს უკრაინას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი და იმედია მისი ხელისუფლებაც, ალბათ უფრო მეტს იბრძოლებენ, რომ ევროკავშირს ადეკვატური საფასური გამოსთხოვონ იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ევროპის სახელით იბრძვის“, – განმარტა წილოსანმა.

ნინო წილოსანმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებულ უსამართლო დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ყველა ანგარიშში, რომელსაც მათ შორის ევროკომისიის დაკვეთით ასრულებენ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით საქართველო იმსახურებს, როგორც მოლაპარაკებების გახსნას, ასევე შემდგომში წევრად გახდომას. იმსახურებს პოზიტიურ შეფასებებს, თუმცა ვხედავთ როგორი ასიმეტრიულად აცდენილი პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს მიწოდებული, ყველა ჩვენმა პარტნიორმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მათ აქვთ მიზანმიმართული გეგმა, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება აკრიტიკონ და დაგვიწუნონ ის, რასაც ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად ვაკეთებთ“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.