„სახელმწიფო უწყებებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ რეალური ფაქტები და არგუმენტები არ გააჩნიათ და ამიტომ მთელი მათი ნარატივი სიცრუესა და მანიპულაციებზეა აგებული“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც მოწინააღმდეგის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების ან რომელიმე სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ არგუმენტები აღარ გაქვს, გადადიხარ ბრალდებებსა და მანიპულაციებზე — აყალბებ ფრაზებს, ვადებსა და ზოგადად ინფორმაციას ამა თუ იმ ფაქტთან თუ დანაშაულთან დაკავშირებით, შემდეგ კი სწორედ ამ გაყალბებულ ინფორმაციაზე აგებ შენთვის სასურველ ნარატივს და ცდილობ, ამ გზით პოლიტიკური ქულები დაიწერო.
აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა გამოვყოთ.
პირველი ის არის, რომ თავადაც ძალიან კარგად იციან, ეს ყველაფერი ტყუილია და საზოგადოება ამას მალე გაიგებს. თუმცა, რადგან საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად სხვა მტკიცებულებები არ გააჩნიათ, იძულებულნი არიან სიცრუეს დაეყრდნონ. ეს კი ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის პოზიციის გასაბათილებლად არგუმენტები არ აქვთ, რაც თავის მხრივ დებატებში მარცხს ნიშნავს.
მეორე ფაქტი ისაა, რომ ამ გაყალბებული ფრაზების გარდა სხვა არგუმენტაციაც არ გააჩნიათ. მაგალითად, ავიღოთ მამუკა მდინარაძის დებატებთან დაკავშირებული საკითხი, ან პოლიციელებთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა და რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
მდინარაძის შემთხვევაში საზოგადოებამ ეს გაყალბებული ფრაზა მალევე ამოიცნო და მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ასევე არ გამოუვიდათ მანიპულირება პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელზეც სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ მათ სახელმწიფო უწყებებისა თუ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არ გააჩნიათ რეალური ფაქტები და არგუმენტები, ამიტომაც მთელი მათი ნარატივი სიცრუესა და მანიპულაციებზეა აგებული.
ჩვენ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები. „ხალხის ძალა“ ამ საკითხზე 2022 წლიდან საჯაროდ საუბრობს — წერილებით, დოკუმენტებითა და მტკიცებულებებით. დროთა განმავლობაში დადასტურდა კიდეც, რომ ისინი გარე ძალების გავლენით მოქმედებენ და ამას უკვე თავადაც აღარ მალავენ. სწორედ ეს ძალები იყვნენ იმ ძალადობრივი პროცესების დამფინანსებლები და წამახალისებლები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ ვიხილეთ.
როდესაც რევოლუციის არაერთი მცდელობა ჩაუვარდათ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა არ გამოუვიდათ, მათ გარე პატრონებისგან არაერთი საყვედური მიიღეს. ეს თავადაც არაერთხელ უთქვამთ. ერთ-ერთმა მათმა წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა: „ეტყობა, რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებთ, რადგან არაფერი გამოგვდისო“. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ იმავე მეთოდებს მიმართავენ, რადგან ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შეთავაზება არ შეუძლიათ.
მათი მიზანი, როგორც თავადვე აცხადებენ, ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შეცვლაა. საუბარია ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ამ მიზნის მიღწევას არჩევნების გზით ვერ ახერხებენ და ამიტომ ისევ რევოლუციურ სცენარებსა და ძალადობრივ მეთოდებზე საუბრობენ. იმისთვის, რომ გარე პატრონების შექება დაიმსახურონ, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო რადიკალური, აგრესიული და ძლიერი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


