„ეს არის ძალა, რომელსაც სამართლებრივი გზით რაც უფრო მალე დავასრულებთ, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
„ზოგადად, ეს ადამიანები არ ფიქრობენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ განცხადებებს სამართალდამცავ სისტემაში, ძალოვან უწყებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციელებსა და მათ ოჯახებში. ამაზე რომ ფიქრობდნენ, აქციებზე მდგომ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს არ ესროდნენ და შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ.
მათთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ ეს ადამიანი პოლიციელია, რომლის უკან დგას ღირსება, სახელმწიფო და ოჯახი. თანაც მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ბოლო მომენტამდე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის პროპორციული ძალა — იქამდე, სანამ პოლიციელი იძულებული არ გახდა, ძალადობრივი ქმედებების მონაწილე პირის მიმართ პროპორციული ძალა გამოეყენებია და ამით დანარჩენი მოქალაქეების უფლებები დაეცვა.
შესაბამისად, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ მთელი სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ და ჩირქს სცხებენ.
ეს არის ძალა, რომლის საქმიანობასაც სამართლებრივი გზით რაც უფრო მალე დავასრულებთ, მით უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


