გურამ მაჭარაშვილი უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაზე: „სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არაფერზე გაიყიდება“

27

„სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არაფერზე გაიყიდება“, -ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს — ჯერ კიდევ 2022 წლიდან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიამ ისეთი მექანიზმები გადააქცია ვაჭრობის საგნად, რომლებიც საერთოდ არ არის კავშირში, მაგალითად, ხელისუფლების ცვლილებასთან, არჩევნებთან ან იმასთან, რა პოლიტიკური გემოვნება ექნება ქართულ საზოგადოებას.

ის, რომ კანდიდატის სტატუსი თავიდანვე უსამართლოდ და არასწორად არ მოგვეცა — როცა ის მიენიჭათ მოლდოვასა და უკრაინას, ნათლად ჩანს სხვადასხვა პერიოდულად გამოქვეყნებული მონაცემებით, სადაც საქართველო მუდმივად მოწინავე პოზიციებზეა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

რაც თავის დროზე, თუ არ ვცდები, გიორგი ბურჯანაძემ თქვა — რომ „ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ, თუ მოგვთხოვენო“ — ზუსტად იგივე გაიმეორა მარტა კოსმა – თუ ცალ ფეხზე დადგებით, სუვერენიტეტს ჩაგვაბარებთ, ყველაფერში დაგვემორჩილებით, მაშინ შეიძლება განვიხილოთ თქვენი მიღებაც და დანარჩენიცო.

ამიტომაც იყო, რომ ჯერ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ჩვენ 2017 წელს მივიღეთ, გახდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ვიზალიბერალიზაციის მიღებისას ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ამას ავანსად გვაძლევდნენ იმ პირობით, რომ ომი გამოგვეცხადებინა რუსეთისთვის, გაგვევრცელებინა ლგბტ პროპაგანდა, ჩაგვებარებინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ასე შემდეგ. ეს ჩვენთვის არავის უთქვემს და ვერც გვეტყოდნენ, რადგან იქ სულ სხვა ტექნიკური მონაცემები იყო საჭირო რომელიც დავაკმაყოფილეთ.

დღეს კი, როდესაც ეს საკითხები პოლიტიკურ ვაჭრობის საგნად არის ქცეული, ეს უკვე სხვა განზრახვებზე მიუთითებს. თუმცა, საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არაფერზე გაიყიდება — ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან თუ საქართველოს სუვერენიტეტი პრაქტიკულად აღარ იარსებებს, თუ ქვეყანაში ომი დაიწყება, თუ ანტიქართული ხელისუფლება დამყარდება, თუ ლგბტ პროპაგანდა გავრცელდება და სახელმწიფო რეალურად აღარ იარსებებს, მაშინ ასეთი ტიპის „კოლონიის“ მოქალაქე ვიზით ივლის თუ უვიზოდ ევროპის ქვეყნებში, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი წინაპრები ყოველთვის ცდილობდნენ ევროპასთან კავშირს — მაშინ ევროკავშირი საერთოდ არ არსებობდა, არამედ არსებობდა ევროპული ღირებულებების სივრცე. ამიტომ ევროპული არჩევანი ერთია, ხოლო ევროკავშირი, როგორც თანამედროვე პოლიტიკური გაერთიანება — სრულიად სხვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.