აკაკი ალადაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: „აუცილებლად გაივლება ზღვარი: გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული, ხოლო შეურაცხყოფა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“

16

„გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული, ხოლო შეურაცხყოფა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან — კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ალადაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.

„შეურაცხყოფა, შუღლის გაღვივება და ადამიანის ღირსების შელახვა რადიკალური ჯგუფების ბუნებრივი მდგომარეობაა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა საჯარო დისკუსიის სივრცის ჩაკეტვა. ამასთანავე, სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვა თითქოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცეოდა. რეალობა კი სრულიად სხვაგვარია. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატების სივრცის გახსნა დააანონსა. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროცესი.

მეორე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნა იყო, რომლის მიზანია გააკონტროლოს და აღკვეთოს სიძულვილის გაღვივება, მოქალაქეთა შეურაცხყოფა თუ მათი ღირსების შელახვა.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეს სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმუშავებს და მისი რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული.

დღეს უკვე გვქონდა პირველი შემთხვევა. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს მსგავსი შეურაცხყოფის მოსმენას. ეს ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება და აუცილებლად იქნება სანქცირებული. მეორე მხრივ, მკაფიოდ გაივლება ზღვარი – აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იქნება, ხოლო შეურაცხყოფა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.