„ეს არ არის შეტევა პირადად ჩემზე, რეალურად მე მხოლოდ საბაბი ვარ, რათა მთავრობას დაარტყან — ეს არის დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ცდილობენ შეარყიონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მიმდინარე დავაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არ არის შეტევა პირადად ჩემზე — ეს არის ზუსტად ის გზა, რომელმაც ევროკავშირი ბოლო რეზოლუციამდე მიიყვანა. ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი ერთი „ოთახიდან“ მართული პროცესია.
საზოგადოებას ისე აწვდიან, თითქოს მე მაქვს დავა „ფორმულასთან“. მე ამ ტელევიზიასთან არანაირი დავა არ მაქვს, მათ რა უნდა ვედავო? აქ საუბარია იმაზე, რომ ამ რეპორტაჟში გამოიყვანეს სახედაფარული პირი და ათქმევინეს, თითქოს პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მე, სუს-ისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითო ადამიანზე 2000 დოლარის სანაცვლოდ, საქართველოში არალეგალურად შემოვიყვანეთ 2000 კაცი.
რეალურად, მე მხოლოდ საბაბი ვარ, რათა მთავრობას დაარტყან. ეს არის დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ცდილობენ შეარყიონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამიტომაც ნახეთ, ვინ ჰყავთ არჩეული — ყოფილები, იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს რამე წამოსცდეს. ეს არის ისეთი პრიმიტიული და მზაკვრული გეგმა — ზუსტად ისეთი, როგორიც თავად კეზერაშვილია.
რაც შეეხება „ფორმულას“, ის არანაირი მაუწყებელი არ არის. ეს არის დაწესებულება, რომლის უკანაც დგას ძებნილი კრიმინალი, ქართული ჯარის მძარცველი და ყაჩაღი დავით კეზერაშვილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


