ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა. „როიტერის“ ინფორმაციით, „თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩავა.
„ეს არის შეზღუდული ტერიტორიული მოქმედებისა და ხანგრძლივობის ვიზები: მხოლოდ ბელგიისთვის და მხოლოდ ერთი დღით“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, დელეგაციის ვიზიტის ზუსტი თარიღი უსაფრთხოების მიზნით არ საჯაროვდება.
ცნობისთვის: „თალიბანი“ ავღანეთს 2021 წლის აგვისტოდან მართავს, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო ძალებმა ქვეყანა დატოვეს.


