პარტია “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ინგუშეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს და თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის მშობლებს, ოჯახსა და ინგუშ ხალხს.
“უდიდესი გულისტკივილითა და მწუხარებით ვეხმაურებით ინგუშეთში, მდინარე სუნჟაზე დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას.
8 წლის ხიზირ დერბიჩევის გმირულად დაღუპვამ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა, ჩვენს მოძმე ინგუშებთან ერთად, შეძრა სრულიად საქართველო.
პატარა ხიზირის ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთელი ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს.
ქართველ და ინგუშ ხალხებს, ისტორიულად, დიდი მეგობრობა აკავშირებთ, ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უპრეცედენტო სამძებრო სამუშაოებში ათობით ათას ადამიანს შორის იყვნენ ქართველებიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატარა ინგუში გმირის ტრაგედია სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა.
ხიზირ დერბიჩევის თავგანწირვამ და კავკასიელ ხალხთა ერთობამ მთელი მსოფლიო გააოცა და დააფიქრა კავკასიელთა რაობაზე.
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით, გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებთ პატარა ხიზირის მშობლებს, მის ოჯახსა და სრულიად ინგუშეთს – მედგარ და ძლიერ ერს. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში და გამძლეობა. ხიზირ დერბიჩევის ნათელი სახელი და მისი გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში”, – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.


