თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება

25

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.

„აღსაზრდელთა რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და დაიწყება ივლისში. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე.

რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. ასევე, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; ბაღების თანამშრომელთა შვილები.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. რეგისტრაციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ბაღების სააგენტოს, ასევე, თბილისის მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.