„ის ქვეყანა, რომელიც ფასეულობებისა და ტრადიციების ბასტიონად გვევლინებოდა, სულ რაღაც 16 მილიარდად დამარცხდა. ეს ყოველივე, პირველ რიგში, ისევ და ისევ უნგრეთისთვის და უნგრელი ხალხისთვის არის სამწუხარო“, – .ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „ლიბერალიზმის ანატომია“ უნგრეთში დაგეგმილ ლგბტ პრაიდსა და ევროკავშირის მიერ მრავალმილიარდიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ე.წ. ღვთისმებრძოლეობა — კაცობრიობის შექმნის ბიბლიური საწყისებისა და ისტორიის უარყოფა. თავის დროზე, ღვთისმებრძოლეობის პირველი ფასი აკრძალული ხილის გემო იყო, შემდგომში ეს კურსი თანდათან შეიცვალა და 30 ვერცხლი გახდა, დღეს კი იმ აკრძალული ხილისა და 30 ვერცხლის ფასი უკვე ავიდა 16 მილიარდამდე. უფრო მეტიც, მე მგონია, რომ ეს კურსი კიდევ უფრო გაიზრდება.
იმ პირველი კურსითა და ფასით განიდევნენ ადამი და ევა სამოთხიდან და ადამიანისთვის ედემის ბაღი დაიკეტა. თავისი ჯვარცმით მაცხოვარმა გამოისყიდა ადამიანთა ცოდვები და კაცობრიობას კვლავ გაუღო ედემის ბაღის კარიბჭე. დღეს კი მიდის შურისძიება იმისთვის, რა მარცხიც მაშინ განიცადეს. უბრალოდ, ამ შურისძიებისა და 30 ვერცხლის კურსი გაიზარდა, თორემ ხარისხობრივად არაფერი შეცვლილა — ღალატი იყო პირველ შემთხვევაშიც, მეორეშიც და დღესაც. ის ქვეყანა, რომელიც ფასეულობებისა და ტრადიციების ბასტიონად გვევლინებოდა, სულ რაღაც 16 მილიარდად დამარცხდა, რაც, პირველ რიგში, ისევ და ისევ უნგრეთისთვის და უნგრელი ხალხისთვის არის სამწუხარო. აუცილებლად მოვა მონანიება, ისე, როგორც იუდა ისკარიოტელს დაეწია — ნებისმიერ ქვეყანას, ადამიანსა თუ ხელისუფლებას, რომელიც ღვთისმებრძოლეობით გააგრძელებს წუთისოფლისეულ „წინსვლას“, ეს გარდაუვლად ემუქრება.
მე მაინც მწამს, რომ იმ მავნე პროცესების უკან, რამაც ევროკავშირი დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა, სერიოზული როლი უკავია ბრიტანეთს. ეს ის ბრიტანეთია, რომელსაც კოლოსალური გამოცდილება აქვს აზიის რეგიონში, მათ შორის ინდოეთში, თავისი კოლონიური პოლიტიკის გატარების კუთხით. რატომღაც მგონია, ინდოეთში რომ წააწყდა ბრიტანეთი ინდუიზმის კასტებად დაყოფას (სადაც პირველ ადგილზე ბრაჰმანები იყვნენ, შუაში — ქშატრიები, ხოლო სულ ბოლოს — შუდრები), ძალიან შორს არ წასულან და სწორედ ამ კასტებად დაყვეს ევროპა და ევროკავშირიც. აქ ბრაჰმანები ევრობიუროკრატები არიან, ქშატრიები — ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ხოლო წევრობის კანდიდატები — შუდრები. ის შუდრები, რომლებსაც იგივე უკრაინა და მოლდოვა წარმოადგენენ, რომელთაც არ შეუძლიათ იმდენი, რაც შეუძლია ქშატრიას, ხოლო ბრაჰმანამდე მათი დაწინაურება, რა თქმა უნდა, გამორიცხულია.
ის 16 მილიარდი, რაც უნგრეთმა აიღო, ქშატრიის პოზიციიდან მისცეს და აიღო, მაგრამ შუდრებს — მოლდოვასა და უკრაინას — ერთ ევროსაც არავინ შესთავაზებს, იმიტომ, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ყველაფერი მონულად, კოლონიურად და უსასყიდლოდ გააკეთონ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების სახით ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს და ყველაფერს კარგად ვსწავლობთ. მთავარი კი ისაა, რომ საქართველოს უმრავლესობა მორწმუნეა და ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ცხოვრება, რას ნიშნავს ერთიანი, მდგრადი ეკლესია და ის, რომ ჩვენს ეკლესიაში იგრძნობა სულიწმინდის ძალა და მადლი“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


