„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან ყაზახეთის დედაქალაქში, სადაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
„ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, კონკრეტულად, შუა დერეფნის კონტექსტში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ვხედავთ, რომ მზარდია ტვირთნაკადი.
მინდა, აქცენტი გავაკეთო ასევე შუა დერეფნის კონტექსტზე, სადაც საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი.
შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე – თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და, ზოგადად, შუა დერეფნისთვის.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა, ზოგადად, ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას – თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა ორ ქვეყანას შორის.
ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია პირდაპირი ფრენები, რასაც თან სდევს, რა თქმა უნდა, ტურისტული ნაკადების ინტენსიური ზრდა.
ზოგადად, ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის, ვაჭრობის, ისევე, როგორც სატრანსპორტო და, ზოგადად, ლოგისტიკური თვალსაზრისით.
ვფიქრობ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ვიზიტის ფარგლებში, არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მესიჯი, თუ რამდენად სიღრმისეულია პარტნიორობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანაში. ეს, მათ შორის, არის მესიჯი იმისთვის, რომ ორი ქვეყანა არის მოტივირებული, რომ გაზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და, მათ შორის, ინვესტიციები საქართველოში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


