„მივუახლოვდით დასავლეთის ცივილიზაციურ დასასრულს, საიდანაც უკან მობრუნება შეუძლებელია“– განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „ლიბერალიზმის ანატომია“ აშშ-ში ერთსქესიანი წყვილის, ჯეიმი და მარვა მერითების რეზონანსულ საქმეზე საუბრისას, რომლებსაც აყვანილი შვილის მკვლელობისა და სისტემატური ძალადობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.
„ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური მომენტია. ეს ქეისი რომ შევისწავლე და გამოხმაურებები წავიკითხე, მივხვდი — ის იმდენად საგულისხმოა, რომ გამოხმაურებები აღარც გვჭირდება. რეალურად ჩვენ წინაშეა სისტემური დანაშაული და სისტემური პრობლემა.
მოხდა ეს ტრაგედია, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ წყვილისთვის 10 თვის ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემა ყოველგვარი კვლევის გარეშე მოხდა. სოციალური სამსახური, ვისაც ამ პროცესის ზედამხედველობა ევალებოდა, პირდაპირ ამბობს, რომ მონიტორინგი იმის გამო არ აწარმოეს, რომ ჰომოფობიაში დადანაშაულების შეეშინდათ.
როდესაც ვსაუბრობთ სისტემაზე, აქ სამი ფაქტორი უნდა გამოიყოს: პირველი — სისტემა, როგორც სახელმწიფოებრივი, მეორე — როგორც საზოგადოება და მესამე — როგორც ენჯეო სექტორი. ეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ ვერ ვხედავ, როგორ უნდა მოხდეს უკან მობრუნება. ეს უკვე არის ის მომენტი, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ცივილიზაციური კრიზისი — როდესაც ცივილიზაცია უახლოვდება კიდეს, რის იქითაც განვითარების საშუალება წყდება. რეალურად ჩვენ მივუახლოვდით დასავლეთის ცივილიზაციურ დასასრულს. ეს არის შეუქცევადობის წერტილი, როდესაც უკან მობრუნება შეუძლებელი ხდება. ეს ქეისი გვიჩვენებს, რომ როდესაც კულტურული ნორმატივის დარღვევა ხდება, ეს იწვევს შეუქცევად შედეგებს“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.


