„ქართული კულტურა ევროპამდეც არსებობდა და ევროპის დასასრულის შემდეგაც გააგრძელებს არსებობას“, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „ლიბერალიზმის ანატომია“, ევროპულ კრიზისსა და ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.
„არსებობს რამდენიმე მიდგომა — პირველი ის, თუ ვინ ვართ ჩვენ. მე მგონია, რომ ჩვენ არც ევროპა ვართ, არც აზია, არც აღმოსავლეთი და არც დასავლეთი, არამედ ვართ ერთგვარი მიჯნა — ოქროს შუალედი, აქედან გამომდინარე კი ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული.
მე დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი იდენტობა აღმოჩნდა საკმარისად მყარი. გავიარეთ 90-იანი წლების კრიზისი, შემდეგ 2008 წლის კრიზისიც გადავლახეთ, როდესაც მართლაც იდგა ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი, და ეს 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე. ეს მხოლოდ პოლიტიკური კრიზისები არ იყო, ეს იყო სოციალურიც და კულტურულიც. აქედან გამომდინარე, როგორც ვხედავთ, გამოვედით საკმაოდ გაძლიერებულები და დაახლოებით ერთი-ორი თაობა მაინც საქართველოს არაფერი ემუქრება ამ თვალსაზრისით. მე მგონი, ეს საფრთხეები გუშინდელი დღეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ — არც პოლიტიკურად და არც სხვა თვალსაზრისით.
უბრალოდ, დასავლური ცივილიზაცია წავიდა დასასრულისაკენ. ჩვენ არ ვართ ამ ცივილიზაციის ორგანული ფორპოსტი. ჩვენ, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, უფრო ბერძნულ-რომაული კულტურის ნასხლეტი ვართ. ანუ ჩვენი ბედისწერა, ჩვენი კულტურა არის პარალელური, მაგრამ არ ემთხვევა ევროპას. ჩვენ უფრო ძველი ცივილიზაცია ვართ, ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი იდენტობა. იყო დრო, როცა ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვიყავით და ვხედავდით ჩვენს თავს ევროპული კულტურის ჭრილში, თუმცა ქართული კულტურა ევროპამდეც არსებობდა და ევროპის დასასრულის შემდეგაც გააგრძელებს არსებობას.
ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ქრისტიანობა და ევროპა გავაიგივეთ. ქრისტიანობა უნივერსალური ფენომენია, რომელიც არის ყველგან — ქრისტიანობა არის სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკაში. ასე რომ, ის, რომ შენ ხარ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დასავლეთის ნაწილი ხარ. ასე რომ, მთავარი მაინც ჩვენი იდენტობაა“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.


