თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკელი LGBTQ+ მოგზაურებისთვის განკუთვნილ საკრუიზო გემს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიის დირექტორის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზად „მორალური სტანდარტები“ და „ოჯახური ღირებულებები“ დასახელდა.
კრუიზი „Athens to Venice“ 5 ივლისს საბერძნეთიდან მიემგზავრება. გეგმის მიხედვით, 7 ივლისს გემი თურქეთის საკურორტო ქალაქ ქუშადასში (Kuşadası) უნდა შესულიყო, შემდეგ კი სტამბოლში გაეგრძელებინა მოგზაურობა. ტურს კომპანია “Atlantis Events-ი” აწყობს.
თუმცა, თურქეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემისთვის დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა, რადგან ის დაქირავებული იყო ჯგუფების მიერ, რომლებიც, მათი თქმით, „ცნობილნი არიან ჩვენი საზოგადოების ტრადიციებსა და მორალურ ღირებულებებთან შეუთავსებელი ქცევით“.
გემი “Scarlet Lady”, რომელიც კომპანია “Virgin Voyages-ს” ეკუთვნის, 1 000-ზე მეტ ამერიკელ მგზავრს გადაიყვანს. გადაწყვეტილების შემდეგ “Atlantis Events-მა” მარშრუტი შეცვალა – თურქეთის ნაცვლად, გემი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროსა და საბერძნეთის კუნძულ კრეტას ეწვევა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველმა პარტიამ LGBTQ+ თემის მიმართ რიტორიკა მნიშვნელოვნად გაამკაცრა, რასაც ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. სტამბოლში Pride-ის მარშები 2015 წლიდან აკრძალულია, რასაც ხელისუფლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის აუცილებლობით ხსნის.
“Atlantis Events-ის” პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩ კემპბელმა, “CNN-თან” საუბრისას განაცხადა:
„სიმართლე გითხრათ, ეს საკმაოდ შოკისმომგვრელია. გადაწყვეტილების მიზეზი კი ის არის, რომ ეს გეი მოგზაურთა ჯგუფია“.


