„ეს არ არის დარტყმა პირადად ჩემზე, ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე“ – გოგა ხაინდრავა „ფორმულასთან“ დავაზე

32

„ეს არ არის დარტყმა პირადად ჩემზე, ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე“, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მიმდინარე დავაზე საუბრისას განაცხადა.

„ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩემთან დაკავშირებით ორი გადაცემა გავიდა. პირველში ასეთი აბსურდი თქვეს, თითქოს ფილმს ვიღებ იმაზე, რომ ბატონმა ბიძინამ ბოდიში მოუხადა აფხაზებსა და ოსებს, და ამისთვის მილიონი გამომიყვეს. რეალურად, ფილმს სულ სხვა თემაზე — ტრადიციებზე, კულტურასა და ქართული, კერძოდ, ხევის მორალის სიდიადეზე ვიღებ. იმავე გადაცემაში ისიც თქვეს, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ მიწები გადმომცა. მოკლედ, აბსოლუტური სიგიჟე და ტყუილია. ამიტომ განვაცხადე, რომ შევიტანდი სარჩელს და თითოეულ ტყუილზე თითო მილიონს მოვთხოვდი ამ ტელევიზიას.

ამის შემდეგ შემდეგი სიუჟეტი „გამოაცხვეს“ — კიდევ ერთი აბსურდი: განაცხადეს, რომ სუს-ისა და საზღვრის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, 2000 დოლარის სანაცვლოდ, საქართველოში 2000 კრიმინალი პაკისტანელი შემოვიყვანე და ამაში 4 მილიონი დოლარი ავიღე. მომდევნო სიგიჟე კი ის იყო, რომ მათმა წყარომ (რომელიც ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის და რას წარმოადგენს) პირდაპირ ეთერში განაცხადა, თითქოს ესწრებოდა საუბარს, სადაც გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მღებრიშვილს ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა: სად არის გომელაური, ამ ხაინდრავამ სიებით შეგვჭამაო. გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც და უშიშროების ხელმძღვანელიც იმ დროს სახელმწიფო დანაშაულში იყვნენ ჩართულები.

ამიტომ, როდესაც სარჩელი შევიტანე, საქმე სამოქალაქო დავას გასცდა, რადგან საუბარია უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულზე, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები არიან დასახელებულნი. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პირველი მე დამკითხეს, როგორც მთავარი ფიგურანტი, ახლა კი „ფორმულას“ თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე ბოროტი ცილისწამების მუხლით არის აღძრული.

ეს არ არის დარტყმა პირადად ჩემზე, ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე. ეს არის ჯო უილსონის დონის ფილოსოფია, რომელმაც განაცხადა, თითქოს თეირანში თავს იყრიან ამერიკის სიძულვილით გაერთიანებული წარმომადგენლები, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ირანში ასი ქვეყნის დელეგაციაა წარმოდგენილი — ანუ, მათი ლოგიკით, ყველანი ამერიკის მოძულეები ყოფილან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.