ირაკლი კობახიძე: „წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა. მთლიანობაში, 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით“

16

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

მთლიანობაში, 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით, როგორც მგზავრთნაკადის ზრდის თვალსაზრისით, ისე ზოგადად, ტურიზმის სექტორის განვითარების თვალსაზრისით. გვქონდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმის სექტორში, რაც, ბუნებრივია, ავიაციაზეც სათანადოდ აისახა. მიუხედავად იმისა, რომ წელს, კრიზისის ფონზე, გვქონდა პროცესების მცირე შენელება, ივნისიც, ამ თვალსაზრისით, რეკორდული იყო; შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ წელსაც.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის განხორციელებაში არის ჩართული. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – მადლობა ჩვენს ფრანგ და თურქ პარტნიორებს; მადლობა TAV Airports-სა და უმსხვილეს ფრანგულ საავიაციო ჯგუფს – Groupe ADP-ს, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საქართველოს ავიაციის განვითარებას.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს, რომლის ძალისხმევისა და ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების პირობებში ხორციელდება.

ყველას წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.