წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, – ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფესტივალი მაილს დევისის ოჯახის წევრმა, პროდიუსერმა და დრამერმა ვინს უილბურნ ჯუნიორმა Miles Electric Band-თან (M.E.B.) ერთად გახსნა.
„ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგა ამერიკელი R&B-ის სუპერვარსკვლავი ერიკ ბენე (Eric Benét), რომლის შემოქმედებაც R&B-ის, ნეო-სოულის, ჯაზისა და გოსპელის ელემენტებს აერთიანებს. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი კი ბენდმა „გოსთ ნოუთმა“ (Ghost Note) გამართა, რომელმაც ფანკის, ჯაზ-ფანკის, აფრობიტისა და ჰიპ-ჰოპის სინთეზი წარმოადგინა.
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კულტურულ ღონისძიებაა, რომელიც მსმენელს მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში, ზრდის ქვეყნის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


