ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: “ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება”

20

ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ, თითქოს, სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება.

„პროგრამის შემუშავების საწყის ეტაპზევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩართული ჰყავდა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი. მისი რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა პროგრამის შემუშავებასა და მის განხორციელებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: დაიჭირე, აცერი, ჩაუტარე კასტრაცია და დააბრუნე საწყის ტერიტორიაზე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც არის თანამედროვე და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი ახორციელებს აღნიშნულ ღონისძიებებს საერთაშორისო წესების დარღვევით, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.