“როდესაც ხდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად”, – ასე ეხმაურება მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ონისე ოქრიაშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში წმინდა წინასწარმეტყველი იონას შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას.
„მით უმეტეს, როდესაც საუბარია წმინდანებზე, წმინდა იონა წინასწარმეტყველზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველთაგანია და რომელსაც ვსასოებთ ჩვენ, სრულიად ეკლესიის მრევლი და თავისთავად ცხადია, ეს სამწუხარო და ყოვლად მიუღებელი ფაქტია.
ერთის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორის გრძნობები შეურაცხყოს. ამ შემთხვევაში ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ შეურაცხყოს მეორე ადამიანის ღირებულებები და სიწმინდეები.
სრული გულწრფელობით გვსურს, რომ ისინი დაფიქრდნენ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ — არავინ არ ერევა მათ, როგორც უნდათ, ისე იფიქრონ და ისედაც იფიქრებენ, მაგრამ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რაოდენ დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ამით საქართველოს მოსახლეობას”, – განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.


