„მას შემდეგ, რაც ეს სამმართველო ამუშავდა, შედეგი სახეზეა — საგრძნობლად შემცირდა ლანძღვა-გინება და ღირსების შემლახველი პოსტები“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ შევპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ფაშიზმი და ექსტრემიზმი საქართველოში დასრულდებოდა. ამის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ეს სამმართველოა, რომელიც სიძულვილის ენას დაუპირისპირდა.
ადამიანები ხშირად კითხულობენ, თუ სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. მინდა ვთქვა, რომ ყველა შეგნებულმა და ნორმალურმა ადამიანმა იცის, სად გადის ეს ზღვარი — სადამდე შეგიძლია აკრიტიკო და საიდან იწყება ღირსების შელახვა. თუმცა არსებობს ადამიანთა მცირე ჯგუფიც, რომელმაც ეს ან არ იცის (თავის დროზე არ აუხსნეს და თვითონაც არ აქვს ამდენი შეგნება), ან იცის, მაგრამ ასე უფრო უმარტივდება: ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენს და ერთადერთი, კლავიატურით იცის საჯარო სივრცეში ვიღაცისთვის შეურაცხყოფის მიყენება და გინება.
შესაბამისად, რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ამას დავუპირისპირდთ ისევ და ისევ კანონითა და ამ სამმართველოს შექმნით. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს სამმართველო ამუშავდა, საგრძნობლად შემცირდა ლანძღვა-გინება და ღირსების შემლახველი პოსტები. რა თქმა უნდა, ამის სრულ განულებას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ შედეგი უკვე სახეზეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


