„ასეთი საკითხები ყველაზე მეტად აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს აწყობს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტურისტებში შიშმა დაისადგუროს და ქვეყანაში მათი რაოდენობა შემცირდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კახეთში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
„ასეთი საკითხები ყველაზე მეტად ამ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს აწყობთ. პირველ რიგში, ქალს რომ ხელს დაარტყამ, იქ ყველაფერი დამთავრებულია — მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, საერთოდ რა უნდა გააკეთოს ქალმა ისეთი, მუშტი რომ დაარტყა, არ ვიცი. არც დეტალები ვიცი — იქ რაღაც სითხეები ასხესო, აპარატურა დააზიანესო, რომ ამბობენ, არ მინდა ამ გარჩევაში შევიდე, მაგრამ მინდა განვმარტო ის, თუ რატომ აძლევს ასეთი საკითხები ხელს აგენტურულ ოპოზიციას: პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი პირველები გამოვარდებიან და ასეთ დროს დამცველად მოევლინებიან. მეორე მხრივ კი, საკუთარი სოციალური არხებით ამ თემებს თვითონვე „წევენ“. რატომ? იმიტომ, რომ ეს მაქსიმალურად გავრცელდეს ტურისტებში — რუსი იქნება ის თუ სხვა რუსულენოვანი, მნიშვნელობა არ აქვს — რომ მათში შიშმა დაისადგუროს, თითქოს საქართველოში თუ ჩავლენ, იქ ქსენოფობიაა და მათაც სცემენ. შესაბამისად, მათი მიზანია, ქვეყანაში შემცირდეს ტურისტების რაოდენობა. წარმოიდგინეთ, რა მავნებლები არიან. რაღაც კუთხით ამან, ჩვენდა სამწუხაროდ, იმუშავა კიდეც, რადგან იყო ასეთი ტენდენცია — ჯავშნების გაუქმების ფაქტები დაფიქსირდა — და სწორედ ამაზე მუშაობენ ეს მავნებლები.
ზოგადად, ტურიზმს ძალიან ფრთხილად უნდა მოვექცეთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო. ამიტომ, სასტუმრო იქნება ეს თუ რესტორანი, იქ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული — მარტო მეპატრონეზე არ არის საუბარი, რიგითი მოქალაქეები, ძალიან ბევრი ხალხია დასაქმებული და ყველას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს დარტყმაა ეკონომიკაზე, სახელმწიფოსა და იმ ადამიანებზე, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


