საქართველო Netflix-ზე – საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება

9

საქართველო Netflix-ზე – საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო შოუს გადაღებები საქართველოში გაიმართა. პროექტის წამყვანი, ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლი, რომელიც ცნობილია სერიალიდან Big Little Lies და ფილმებიდან Divergent, The Fault in Our Stars და სხვა, გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია.

თბილისის შემდეგ გადაღებები აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში გაიმართა. მსახიობი ადგილობრივ კულტურას, ტრადიციულ რეცეპტებსა და თითოეული რეგიონის თავისებურებებს უშუალოდ ადგილზე გაეცნო.

საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი სრულად საქართველოს მიეძღვნება და ქვეყნის ტურისტულ, გასტრონომიულ და კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

გადაღებული მასალა გლობალურ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზე განთავსდება და საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს კიდევ უფრო ფართოდ გააცნობს.