ავთანდილ კასრაძე: „მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, წარმოუდგენელია რაიმე იდეა გაუჩნდეთ და მათ ფრთები ვერ შეასხან ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში – ყველას მოვუწოდებ, ყველა ტექნოლოგიური რესურსი გამოიყენონ“

7

„მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, წარმოუდგენელია რაიმე იდეა გაუჩნდეთ და მათ ფრთები ვერ შეასხან ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში – ყველას მოვუწოდებ, ყველა ტექნოლოგიური რესურსი გამოიყენონ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა გავამარტივოთ პროცესი, რაც გულისხმობს მხარი დავუჭიროთ გლობალურ მასშტაბირებადობას ქართული ინოვაციური სტარტაპების. ამიტომ ერთად შევკარით ყველა ის საჭირო კომპონენტი, რაც ამისთვის მნიშვნელოვანია. აქ, ერთ ჭერქვეშ იქნება დამწყებიც და უკვე საბოლოო ეტაპზე მყოფი ინოვაციური სტარტაპი და ეს სინერგიას ქმნის.

რა თქმა უნდა ტექნოლოგიური მუზეუმი უნიკალური არ არის, წამყვან ტექნოლოგიურ ქვეყნებში არის, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ერთი კონცეფციის ქვეშ შევიმუშავეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს წვდომა ყველაფერზე გაუადვილდეთ“, – აღნიშნა კასრაძემ.

მისი განმარტებით, ყველა სეგმენტი, რაც კი აკლდა საქართველოს, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბით მთლიანად არის შეთავაზებული.

„მეტალზე, ტიტანზე მბეჭდავი 3D პრინტერიც კი არის წარმოდგენილი. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კი რაიმე ინოვაციური იდეა გაუჩნდებათ, მინდა ვუთხრა, რომ წარმოუდგენელია რაიმე იდეა გაუჩნდეთ და მათ ფრთები ვერ შეასხან ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. ყველას მოვუწოდებ გამოიყენონ ყველა ეს ტექნოლოგიური რესურსი“, – აღნიშნა კასრაძემ.