დაფუძნდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითხოვს

12

მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ საინიციატივო ჯგუფი დააფუძნეს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებმა კონფერენციაზე განაცხადეს, მათი მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.

„თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნების, სპორტის სფეროების წარმომადგენლებისა და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას“, – განაცხადა მსახიობმა გიორგი შანიძემ.

„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, იურისტებს, სამართალმცოდნეებს, ისტორიკოსებს, კულტურისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლებს, დაგვეხმარონ, რათა ერთად, გონივრულად მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს რეალურ საფრთხეებს“, – განაცხადა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ.