თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში, კერძოდ კი საბოტაჟში ედება. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ”.
პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


