პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი ე.წ. არაბიზაციის კამპანიაზე: „კონკრეტულმა საერთაშორისო კომპანიამ ნახა, რომ საქართველო არის საინტერესო, აქ არის მშვიდობა უზრუნველყოფილი, ეკონომიკური წინსვლაა და შემოვიდა დიდი ინვესტიციით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ასობით მილიონის შეტანა ჩვენს ბიუჯეტში. სწორედ ამას უპირისპირდებიან ეს რადიკალური ჯგუფები“

„კონკრეტულმა საერთაშორისო კომპანიამ ნახა, რომ საქართველო არის საინტერესო, აქ არის მშვიდობა უზრუნველყოფილი, ეკონომიკური წინსვლაა და შემოვიდა დიდი ინვესტიციით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ასობით მილიონის შეტანა ჩვენს ბიუჯეტში. სწორედ ამას უპირისპირდებიან ეს რადიკალური ჯგუფები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი შატაკიშვილმა საქართველოში ე.წ. არაბიზაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

„ვიდრე ამ კონკრეტული შემთხვევის შეფასებას გავაკეთებდე, მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება: დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ზოგადად ნებისმიერი დემოკრატია ორიენტირებულია იმაზე და მის მთავარ პრინციპსა და ფუნდამენტს წარმოადგენს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის, რაზეც საზოგადოებრივი შეთანხმება არსებობს ჩვენს ქვეყანაშიც – ეს არის ის, რომ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენიტეტი უნდა ჰქონდეს, უნდა დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა (თუ ეს მთლიანობა დარღვეული აქვს, უნდა იზრუნოს მის აღდგენაზე), უნდა უზრუნველყოფდეს ჯანსაღ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა და შევქმნათ დამატებითი ისეთი გარანტიები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ა.შ. თუ ჩვენ ამაზე ვთანხმდებით და ეს პრინციპებია ჩვენი მთავარი სახელმძღვანელო, მაშინ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც ვიმსჯელებთ, აუცილებლად ამ პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ, ამ პრინციპებზე და ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით უნდა შევაფასოთ.

ახლა რაც შეეხება იმ ტერმინს (გულისხმობს „არაბიზაციას“), რომელსაც მე არ გავიმეორებ არავითარ შემთხვევაში, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გამოგონილია და დაახლოებით იმის მსგავსია, რაც თავის დროზე გამჭვირვალობის კანონს უწოდეს. თუმცა ეს არ გამოუვიდათ და არც ამ შემთხვევაში გამოვა.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ვმოძრაობთ, ამისათვის სახელმწიფომ შექმნა შესაბამისი პირობები, შეიქმნა საკანონმდებლო ჩარჩო და ა.შ., იმისათვის, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ბაზრისათვის საქართველო საინტერესო გარემოდ შეეთავაზებინა, რაც უნდა უზრუნველყოფდეს აქ ინვესტიციების განხორციელებას და რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე.

რაც შეეხება „იგლ ჰილსის“ შემთხვევას, კონკრეტულმა საერთაშორისო კომპანიამ ნახა, რომ საქართველო არის საინტერესო, აქ არის მშვიდობა უზრუნველყოფილი, ეკონომიკური წინსვლაა და შემოვიდა დიდი ინვესტიციით. ამ ინვესტიციებმა უნდა უზრუნველყოფს ასობით მილიონის შეტანა ჩვენს ბიუჯეტში, რასაც მოჰყვება მთელი ეკონომიკა, დასაქმების ბაზარი და ა.შ. და აი, სწორედ ამას უპირისპირდებიან ეს რადიკალური ჯგუფები.

ჩვენ, არა რაიმე აღქმებზე და ჭორებზე დაყრდნობით, არამედ კონკრეტული სტატისტიკით წარმოვადგინეთ მონაცემები და ვნახეთ, რომ დაახლოებით რამდენიმე ასეული ბინა არის გაყიდული და აქედან მხოლოდ 8 არის შესყიდული არაბული სახელმწიფოებიდან. თან აქაც არ არის ეს შემსყიდველი კონცენტრირებული ერთ ქვეყანაში და 7 სხვადასხვა ქვეყანაშია გადანაწილებული.

ზოგადად, არაბული ქვეყნების მოქალაქეებისათვის არ არის დამახასიათებელი მუდმივად თავისი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადაცხოვრება. ესენი არიან მაღალბიუჯეტიანი, ფინანსურად ძლიერი ადამიანები, ვინც ჩამოდიან. ჩვენ ტურისტულად საინტერესო ვართ ამ ადამიანებისათვის, აქ შეძენილი აქვთ უძრავი ქონება. ესენია მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში გარკვეული პერიოდულობით, აქ დაისვენებენ და ფულს დახარჯავენ, რაც მხოლოდ წაადგება ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.