ვალერი გელბახიანი: “თვითონ “ქოლცენტრის” ხელმძღვანელები ამბობენ: “ელისო კილაძე გვყავდა დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს “ქრონიკა პლუსში”

47

“ელისო კილაძეს ბრალი ედება თაღლითობაში, ხომ? თაღლითობა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა მოატყუო და ამ მოტყუების შედეგად ფული უნდა დაისაკუთრო. ერთი ადამიანი ხომ უნდა იყოს ასეთ საქმეში, ვინც იტყვის, რომ ელისო კილაძემ მოატყუა. ასეთი მოწმე საქმეში არ არის”, – განაცხადა ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა, „TV პირველის“ ეთერში.

„მეორე: თვითონ “ქოლცენტრის” ხელმძღვანელები – ყველა დაიკითხა, ერთის გარდა. ისინი ამბობენ: “ელისო კილაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა, ჩვენ არც წილში გვყავდა და არც, ასე ვთქვათ, ჩვენი შემოსავლის ნაწილს დივიდენდის სახით არ ღებულობდა.

ის გვყავდა ჩვენ დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს ამისთვის, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს, “ქრონიკა პლუსში“ ვინც იყო დასაქმებული“, – აღნიშნა გელბახიანმა.

წამყვანის შეკითხვაზე, რისთვის აძლევდნენ ამ ხელფასს, კილაძის ადვოკატმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ჟურნალისტური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერისთვის. კომერციული თვალსაზრისით, ნებისმიერი სუბიექტი, ვინც უნდა იყოს, ის ყოველთვის არის ორიენტირებული იმაზე, რომ შემოსავალი მიიღოს. ამიტომ, თქვენს სფეროში ეს გასაკვირი არ არის, თუ გეყოლება სპონსორი, რომ მხარი დაგიჭიროს“, – აღნიშნა გელბახიანმა.