„რამდენიმე საათი დარჩა პრემიერის გამოსვლამდე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მართლაც უდიდესია ამ ტრიბუნის მნიშვნელობა“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეას თვალს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ადევნებს, რაც მის მნიშვნელობას განსაზღვრავს.
„ეს არის უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნა, რომელსაც უყურებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ამ გამოსვლას ესწრებიან მსოფლიო ლიდერები და ბუნებრივია ამ ტრიბუნიდან წარმოთქმული ყოველი გზავნილი ყველგან ისმინება და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ისეთი საკითხები, როგორიც არის ქვეყნის დეოკუპაცია, ჩვენი უმთავრესი გამოწვევა, იმავდროულად გზა დეოკუპაციის, ასეთ საკითხებზე იქნება საუბარი. საუბარი იქნება ეკონომიკურ პროცესებზე, რომელმაც ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა მოგვცა ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში 9,3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, ასეთი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ რეგიონში, ევროკავშირის ქვეყნებშიც არავის აქვს. გარდა ამისა საუბარი იქნება იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაზრდას ემსახურება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გაეროს გენერალურ ასამბლეაში პრემიერის შეხვედრებს და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობასაც შეეხო. ამ კონტექსტში მან ევროკავშირთან ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ გარღვევას ნამდვილად უნდა ველოდოთ. არა მხოლოდ გაეროს ასამბლეაზე მონაწილეობა, არამედ ზოგადად პროცესები, რომელსაც ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებთ ამის საფუძველს იძლევა. პროცესი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და სრულიად უსამართლოდ მიმდინარეობდა, გაყინული პროცესი ვფიქრობ მიდის იქით, რომ ეს ურთიერთობების უნდა აღდგეს, რაც მთავარია ამას თავად ხვდებიან“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.


