პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: „ოპოზიციამ საკუთარი თავი თვითონვე გამოფიტა – პირველ რიგში, ამ პერმანენტული, ე.წ. უწყვეტი აქციებით. ამიტომ, თუ ვინმე ჰყავთ პოლიტტექნოლოგიის მცოდნე, სასწრაფოდ უნდა ურჩიოს ამ ადამიანებს, შეწყვიტონ ეს პერმანენტული აქციები, რადგან ეს თვითლიკვიდაციისა და თვითგანადგურების ტოლფასია“

„ოპოზიციამ საკუთარი თავი თვითონვე გამოფიტა – პირველ რიგში, ამ პერმანენტული, ე.წ. უწყვეტი აქციებით. ამიტომ, თუ ვინმე ჰყავთ პოლიტტექნოლოგიის მცოდნე, სასწრაფოდ უნდა ურჩიოს ამ ადამიანებს, შეწყვიტონ ეს პერმანენტული აქციები, რადგან ეს თვითლიკვიდაციისა და თვითგანადგურების ტოლფასია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

„ეჭვი მაქვს, რომ ამ ოპოზიციურ სპექტრში აღარ დარჩა კადრი, ვინც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები, რადგან თუკი პოლიტიკურ ტექნოლოგიებს მივყვებით (რის გარეშეც პოლიტიკა ზოგადად არ კეთდება), ასეთი მომბეზრებელი აქციები – და ზოგადად პოლიტიკაში თემაც და პოლიტიკოსიც – ძველდება, ხუნდება, ხალხს სწყინდება და აუცილებელია სიახლე. ეს არის აქსიომა პოლიტიკაში, რაც მათ ან არ იციან, ან ავიწყდებათ, ან უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ.

არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად და შეგნებულად დაუგეგმა ეს პროცესი იმისთვის, რომ ოპოზიციას საკუთარი თავი ბოლომდე გაენადგურებინა. ამ პერმანენტული აქციებით ერთადერთი, რასაც მიაღწიეს, საკუთარ ამომრჩევლებშიც კი გამოიწვიეს უდიდესი აგრესია. განსაკუთრებით ახლა, როცა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ისედაც გადათხრილია დედაქალაქის მთავარი გამზირი და ამ აქციებით ისინი კიდევ უფრო ურთულებენ მოსახლეობას გადაადგილებას.

ეს უკვე ავადმყოფური ქმედებაა – პოლიტიკურად უკვე ავად არიან. თუკი ვინმემ მათგან იცის პოლიტტექნოლოგიები და ხვდება, სადამდე მიდის ეს გზა, სასწრაფოდ უნდა ურჩიოს ამ ადამიანებს, შეწყვიტონ ეს პერმანენტული აქციები, იმიტომ რომ ეს თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების ტოლფასია“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.