შოთა თხელიძე: „დღეს გაერო აღარ ატარებს იმ ფუნქციას, იმ წონას, იმ მნიშვნელობას, რაც მას ჰქონდა ცივი ომის განმავლობაში. დაახლოებით ბოლო 10-15 წელიწადია გაერო უფრო პოლიტიკური ფორუმის სტატუსს ატარებს, ვიდრე რეალური ორგანიზაციის”

11

„დღეს გაერო აღარ ატარებს იმ ფუნქციას, იმ წონას, იმ მნიშვნელობას, რაც მას ჰქონდა ცივი ომის განმავლობაში. დაახლოებით ბოლო 10-15 წელიწადია გაერო უფრო პოლიტიკური ფორუმის სტატუსს ატარებს, ვიდრე რეალური ორგანიზაციის“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, შოთა თხელიძემ გაეროს კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ გაეროს უფუნქციობისადმი კრიტიკა არა მხოლოდ წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ისმის, არამედ თავად გაეროს გენმდივანიც ხშირად არის სკეპტიკურად განწყობილი ამ ორგანიზაციის მიმართ – თვითონ გუტიერეშმაც განაცხადა, რომ გაერო ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც არსებობს საერთაშორისო სისტემაში.

მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ამ ერთადერთ უნივერსალურ ორგანიზაციას, სადაც ყველა არსებული სუვერენული სახელმწიფო ერთიანდება, წონას უგდებს და ძირს უთხრის ისევ და ისევ შეერთებული შტატები – ძალაუფლების ცენტრი საერთაშორისო სისტემაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ფორმატი, ის ნორმატიული აქტები და სამართლებრივი ჩარჩოები, რაც დადგენილია გაეროს მიმართ, აღარ აწყობს შეერთებულ შტატებსა და მის საგარეო სახელმწიფო ინტერესებს.

ბოლო წლების განმავლობაში თავად შეერთებულმა შტატებმა დატოვა გაეროს რამდენიმე ინსტიტუცია. ეს დაიწყო ჯერ კიდევ ტრამპის პირველი პრეზიდენტობიდან: ჯერ იუნესკო დატოვა, იუნისეფი, სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სააგენტო, ასევე დატოვა პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო, რომლის მთავარი დამფინანსებელიც თავად იყო. ამასთან ერთად, ყოველწლიურად მცირდება იმ ჰუმანიტარული მისიების დაფინანსება, რაც აქვს გაეროს და რომელთა მთავარი დამფინანსებელიც შეერთებული შტატები იყო. ამიტომ რეალურად შეერთებული შტატები გადის გაეროს მარეგულირებლის, მაკონტროლებლის ფუნქციიდან და ნიველირებს ამ ორგანიზაციას.

აქედან გამომდინარე, ხშირად დგება დღის წესრიგში საკითხი, თუ რატომ არის გაეროს სათაო ოფისი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თუ შეერთებულ შტატებს აღარ სურს ამ ორგანიზაციის ფორმატში გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა, გადაჭრა და ა.შ.

ამას დავამატოთ ისიც, რომ გაეროსთან აფილირებულია სხვა სასამართლო ინსტიტუციები – მათ შორის ჰააგის ტრიბუნალი, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო. ამ ინსტიტუციის წევრი არ არის შეერთებული შტატები და ბოლო დროს საკმაოდ კრიტიკული გახდა მას შემდეგ, რაც ამ ინსტიტუციამ ბრალდებულად გამოაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ამის თაობაზე ვიხილეთ ცალკე განცხადება დონალდ ტრამპის, რომ რეალურად ეს არის თავზე ხელაღებული ორგანიზაცია, რომელიც გასცდა თავის ფუნქციებსო, და იგივე გაიმეორა ფაქტობრივად მარკო რუბიომაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ისრაელის ხელისუფლებასთან კოორდინირებული განცხადება“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.