12

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას „თბილისობას“ ულოცავს.

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესა და მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ერთად განახლებულ ორბელიანის მოედანს სტუმრობდა, სადაც „თბილისობის“ ფარგლებში მოწყობილი სადღესასწაულო სივრცე დაათვალიერა და მეწარმეებს შეხვდა.

„მინდა, „თბილისობა“ მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს. განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ. წელს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე. ხედავთ, რამდენი ადამიანია გამოსული. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, სასიამოვნო გარემოა. ბევრი ტურისტია. ძალიან მიხარია, რომ კარგი განწყობაა, სასიამოვნო სიტუაციაა ყველგან, უამრავი ადამიანია. ყველას გილოცავთ! წარმატებები მინდა ვუსურვო სრულიად საქართველო, პირველ რიგში, მშვიდობა და სიხარული არ მოგკლებოდეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

„თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დედაქალაქში ორი დღეა მიმდინარეობს. საღამოს ასევე დაგეგმილია საპატიო თბილისელების დაჯილდოება.