გურამ მაჭარაშვილი: “არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება, – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც”
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო გარიგების მოთხოვნასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ 4 ოქტომბერს დაიწყეს და იმ დღესვე დაამთავრეს რადიკალური პროცესები, შემდეგ კი, 5 ოქტომბერს დაიწყეს დანაშაულის აღიარებები, რაც ახლაც გრძელდება.
რადიკალები მიხვდნენ, რომ მხარდამჭერი აღარ ჰყავთ და მათი მიზნები გაიშიფრა – საქართველოში აღარასდროს უნდა მოხდეს რევოლუციები, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი და ა.შ.
მე არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება, – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც. ხომ ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


