დავით ქართველიშვილი: “დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ საწვავის გლობალურ ფასწარმოქმნასა და დიზელის მწვავე დეფიციტზე (თვით აშშ-შიც კი), ჰორმუზის სრუტის კრიზისის გარდა, პირდაპირ მოქმედებს უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განადგურება, პრობლემის არსს ზუსტად ურტყამს”
“დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ საწვავის გლობალურ ფასწარმოქმნასა და დიზელის მწვავე დეფიციტზე (თვით აშშ-შიც კი), ჰორმუზის სრუტის კრიზისის გარდა, პირდაპირ მოქმედებს უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განადგურება, პრობლემის არსს ზუსტად ურტყამს. როდესაც გლობალური ჯაჭვიდან რუსული გადამუშავების მილიონობით ბარელი ვარდება, ხოლო ქარხნები სარემონტოდ ჩერდება, მსოფლიო მარაგები ცარიელდება და დიზელის ფასი მთელ პლანეტაზე ცას აწყდება”, – წერს პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
“ჰოდა, თუკი ასე უჭირს და ინგრევა თვით მდიდარი ამერიკაც კი, ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც საკუთარი ბენზინი ოდითგანვე არ გვქონია, ეს მსოფლიო ხანძარი ორმაგად მტკივნეულად აისახება.
არანაკლები ცრემლი და კბილთა ღრჭენაჲ შეინიშნება დღეს ჩვენს მეზობელ სომხეთშიც, სადაც დიზელის ფასი დიდი ხანია, გასცდა 5-ლარიან ფსიქოლოგიურ ნიშნულს.
საქართველო ბენზინს თვითონ არ ხდის და მას მთლიანად უცხოეთიდან, ვალუტაზე (დოლარზე) ყიდულობს. როცა იქ, საზღვარგარეთ ქარხნები იწვის და სრუტეებს კეტავენ, შესასყიდი ფასი უსათუოდ იზრდება და ადგილობრივი ხელისუფლება ამას ვერაფერს უშველის. მაგრამ სახელმწიფოს მაინც შეუძლია რაღაცის გაკეთება, ხალხი “ხელჯოხით” სასიარულოდ რომ არ დარჩეს: პირველ რიგში – საკუთარი მადა მოთოკოს და გადასახადები (აქციზი და დღგ) შეამციროს თითოეულ ლიტრზე; ასევე, ხელი შეუწყოს ეროვნული ლარის გამყარებას, რათა დოლარში შესყიდვა უფრო იაფი დაჯდეს, და თვალი ადევნოს ავტოგასამართი სადგურების მფლობელებს, რათა მათ შორის გარიგება არ მოხდეს და ხალხს, საბოლოოდ, ტყავი არ გააძრონ.
ხოლო, რაც კატეგორიულად არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ – ეს არის სულელური და პოპულისტური ბრძანებულების გამოცემა: “დღეიდან ბენზინი ღირდეს ზუსტად ამდენი და არცერთი თეთრით მეტი!” პოლიტიკურ წინასაარჩევნო ზღაპრებში ეს ამართლებს, რეალურ ცხოვრებაში კი – ვერა. როგორც კი საზღვარგარეთ გადამწვარი ქარხნების გამო, შესყიდვები ამ დაწესებულ “ჭერზე” ძვირი გახდება, ვაჭრები საქართველოში საწვავის შემოტანას, უბრალოდ, შეწყვეტენ, რადგან ზარალზე მუშაობა არავის აინტერესებს. შედეგად, ავტოგასამართი სადგურები მომენტალურად დაცარიელდება, დაიწყება საშინელი დეფიციტი, ხოლო დიზელს დახლქვეშ მოვაჭრეები უკვე სამმაგ ფასად გაყიდიან. სამაგიეროდ, ტაბლოზე იქნება დაფიქსირებული მიმზიდველი “სოციალური” ფასები”, – წერს დავით ქართველიშვილი.


