პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის – სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით“

„2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

“სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით. კონკრეტულად
რეისების რაოდენობა გაიზარდა 16%-ით.

ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და მინდა აღვნიშნო, რომ ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ტავთან“. გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები. მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამისათვის. ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მილიონი ლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, – გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე.

ასევე, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3,5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ. მადლობა ამისთვის შესაბამის პირებს, ვინც იყო ჩართული მოლაპარაკებებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, თელავისა და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურად ხორციელდება.

„2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.