პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ, შუალედურ არჩევნებზე არ მიეწვია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია: “ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისია. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოახდინონ. საქართველოს ამის კარგი მაგალითია”

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისია. განსაკუთრებით, რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს არჩევნებზე, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოახდინონ. საქართველოს ამის კარგი მაგალითია – როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია, ევროპარლამენტის მისია პირდაპირ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოეხდინა და აერია სიტუაცია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია.

“მათ შორის, ვიცით ფაქტებით, რომ ეს ორი დელეგაცია ზეწოლას ახდენდა ეუთო-ს დელეგაციაზე იმისთვის, რომ მათ შეეცვალათ თავდაპირველი დასკვნები. ასე რომ, ყველამ იცის, და ვინ, თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიის, მათ შორის 2024 წლის არჩევნებში, როდესაც ვნახეთ IRI-ის და NDI-ის ყალბი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით.

ასე რომ, ვინ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, რა მიზნები აქვს ხოლმე ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას, და ეს ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს, ამის გამოხატულებაა, საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება, რომ ეუთო-ს მისიაც არ მიიწვიეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.