პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “პარტიები, რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, სახელმწიფოებთან, სპეცსამსახურებთან და პარტიები, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს დაზიანებით, სამართლებრივი ცოდნაც არ სჭირდება, რათა ადამიანმა დაასკვნას, რომ ესენი არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები”

“თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფცია გულისხმობს, რომ სახელმწიფომ და დემოკრატიამ თავი დაიცვას ანტიდემოკრატიული ძალებისგან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წლიდან წერია, რომ პარტიულ ლანდშაფტში არ არის იმ პარტიების ადგილი, რომლებიც ანტიკონსტიტუციურები არიან თავიანთი არსით.

ასე რომ, ჩვენ, პარლამენტის წევრებმა, გამოვიყენეთ კონსტიტუციის მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლება და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს.

ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარჩელი არის ძალიან დასაბუთებული. ამას დიდი იურისტობა არ სჭირდება და ჩვენი საზოგადოება თვითონ ხედავს, რომ როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს პარტიებთან, რომლებიც წლებია, ცდილობენ ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას; პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის პროცედურასა და ინსტრუმენტს; პარტიები, რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, სახელმწიფოებთან, სპეცსამსახურებთან და პარტიები, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს დაზიანებით, ცდილობენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო დაიყოლიონ სადამსჯელო ღონისძიებაზე – ამას სამართლებრივი ცოდნაც არ სჭირდება იმისთვის, რომ ადამიანმა დაასკვნას, რომ ესენი არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები.

ამიტომ, ჩვენ ველით საკონსტიტუციო განხილვებს და, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ის, თუ რამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.