პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “მოვუწოდებ მედიას, მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეუთო-ში გამართული კონკრეტული, ანტიქართული აქცია, საია-ს და ბაია პატარაიას ვინ მისცა ფული. როგორც კი ნახავთ ფულის წყაროს, ნახავთ, ვინ მტრობს საქართველოს”

„ესეც გარკვეული თანამედროვე ტრენდია, რომ აბსურდზე, ტყუილზე სერიოზული სახით უნდა გამსჯელონ. საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მარტივი, რომ ეს თაღლითობა “კამიტის” სახით, რომლის თავს მოხვევასაც შეეცადნენ, დიდი ხანია, გამსკდარია და ნებისმიერი მცდელობა, ეს თემა კვლავ შემოაბრუნონ, კრახისთვისაა განწირული”, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ეუთო-ში “კამიტის” თემასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

“ვხედავთ, საბოლოო ჯამში, როგორ იქცევიან. ერთი და იგივე მეთოდია. კვლავ ხდება გარედან ფარულად დაფინანსებული „ენჯეოების“ ხელით საინფორმაციო საბაბის შექმნა, თითქოს რაღაც კვლევაა ამასთან დაკავშირებით. კვლავ კითხვები რჩება „ენჯეოებთან“ დაკავშირებით.

ჩვენ ვნახეთ, საია და ქალბატონი ბაია პატარაია რა თანხებით დადიან, ვინ აფინანსებს.

ჩვენ არ გვინახავს გამჭვირვალობის რეესტრში მათი ორგანიზაციები და გამჭვირვალობა. ეს ნიშნავს, რომ ეს არის „შავი ფული“, რითაც ისინი ფინანსდებიან, თუმცა ამას საზოგადოებას და სახელმწიფოს არ უმხელენ. მგონი, ესეც დასტურია, რომ საქართველოში „შავი ფულით“ ხდება სხვადასხვა, მათ შორის, ევროპული სტრუქტურებიდან ორგანიზაციების დაფინანსება.

რაც შეეხება ე.წ. კვლევებს, სასაცილოა უკვე. გუშინ ერთი ადამიანი აჩვენეს, რომელიც თითქოს ექსპერტად ჰყავდათ წარმოდგენილი, გაურკვეველი ადამიანი, რომლის მთავარი კომენტარი იყო იმაში, რომ მძიმე შედეგები აქვთ აქციის ყოფილ მონაწილეებს, თუმცა არ არსებობს არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის შესაძლებლობაო.

თავადვე, ერთწუთიან კომენტარში თქვა, რომ მაკულატურა იყო ის, რისი პრეზენტაციის წარმოდგენაც სცადეს, როგორც დამადასტურებელი დოკუმენტის.

ეს არის ანტიქართული კამპანია, რომელიც სრულად დაფინანსებული და დაკვეთილია უცხოეთიდან. მოვუწოდებ მედიას, მიაკვლიეთ ვინ დააფინანსა ეს [ეუთო-ში გამართული] კონკრეტული, ანტიქართული აქცია, საია-ს და ბაია პატარაიას ვინ მისცა ფული. როგორც კი ნახავთ ფულის წყაროს, ნახავთ, ვინ მტრობს საქართველოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: “ბაია პატარაიამ ეუთო-ს “Human Dimension” ღონისძიებაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლისას პროტესტი გამართა და ბანერი წარმოადგინა, რომელზეც ეწერა: „თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტპატიმარს“.