პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: „ირმა სოხაძე ამტკიცებს, – წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს. ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი“

„ირმა სოხაძე ამტკიცებს, რომ წინა რეჟიმი იყო სრულიად აუტანელი და სხვა არჩევანი არ დაუტოვეს, თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„ამ დღეებში ძალიან აქტიურობს ერთ დროს კარგი მომღერალი და დღემდე ლამაზი ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ წინა რეჟიმი იყო სრულიად აუტანელი და სხვა არჩევანი არ დაუტოვეს, თუ არა ივანიშვილის მხარდაჭერა.

ჰოდა, ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა და ახლა უნდა მოგიყვეთ, თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი.

ირმას მეუღლე, რეზო ასათიანი, საბჭოთა რეჟიმის დროსაც კარგად იყო მოწყობილი, ფული არ აკლდა. ხოლო 90-იან წლებში ის გახდა კონტროლის პალატის სუპერ-კორუმპირებული თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მოადგილე და მისი მოლარე, რომლის ფუნქცია იყო ბიზნესებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან ყოველთვიური წილის აკრეფა.

ჰოდა, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და ეს სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს. სოხაძე ჩემი ოჯახის წევრის ახლო მეგობარი იყო და ეს ოჯახის წევრი მომიგზავნა. მე კი ძალიან მიყვარდა ჩემი ნათესავი, მაგრამ გამოძიებაში ჩარევა ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო, ვინაიდან ჩემს დროს ნათესაობ-ახლობლობა – ე.ი. ქართული ჯიგრული პონტი საერთოდ არ ჭრიდა, მით უმეტეს იქ, სადაც ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა საქმე.

მე ვამაყობ იმით, რომ “ვარდების რევოლუციამ” მოსპო ხალხის ხარჯზე ცხოვრების საშუალება და ეს რომ არ გვექნა, ჩვენ არც ბიუჯეტი გვექნებოდა, არც დენი და არც მომავალი.

ასეთი თავდაჯერებული ანტინაციონალის უკან, როგორც ამ შემთხვევაში, ყოველთვის უნდა ვეძიოთ პირადი ინტერესი, თორემ ქვეყანა რომ ფეხებზე ჰკიდიათ, ეგ ისედაც დღესავით ნათელია.

ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსის ოჯახის წევრი წამლის ბარიგა იყო და შეაწუხეს. ზოგიერთი – ჩვენივე დანიშნული თანამდებობის პირი, რომელიც კორუფციაში ვამხილეთ და მოგვიანებით “ქოცებთან” გადაბარგდა. ზოგი ულტრაკორუმპირებული ლექტორი, რომელიც მისაღებ გამოცდებზე იღებდა ქრთამებს და არ მოეწონა ეროვნული გამოცდები.

ძალიან ბევრი დღეს ღიად ნანობს, რომ “როდესღაც” ივანიშვილს, ესე იგი, ქვეყნის ნგრევას დაუჭირა მხარი, მაგრამ ამბობს აი, ეს კატეგორია, რომელიც, თავისი ჭკუით, მაშინაც მართალი იყო და ახლაც მართალია, და მსგავსი მედროვეების ხელში შორს ვერ წავალთ და მათ არ აქვთ უფლება, საზოგადოებას მუდმივად ჭკუა არიგონ. მხოლოდ სუფთა და გაუსვრელი ხალხი წასწევს წინ ქვეყანას, და ასეთი ხალხი სულ უფრო პოულობს ერთმანეთს“, – წერს სააკაშვილი.