მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა. ვამოროლონის მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა”
„დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც განკუთვნილია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. საუბარია ორ ინოვაციურ მედიკამენტზე – ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„საბედნიეროდ, მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა.
დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომ რეალურად, რაც შეიძლება სწრაფად, ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის ეს მედიკამენტები.
ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ ჩართულობისთვის და გადაწყვეტილებისთვის.
გასულ პერიოდში ჩვენ მიერ შეძენილ იქნა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის. ესეც წარმოადგენს ძალიან ვერაგ და მძიმე დაავადებას, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ამ საკითხის ირგვლივ, რაც უკავშირდება ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებას – ვინ განახორციელებს მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება და ა.შ. საჭირო იყო მთავრობის დადგენილებით დარეგულირება, შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მომზადება, მედიკამენტის დანიშვნისა და გამოყენების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება.
გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტის მომტანი იყოს ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში დანერგვა თითოეული პაციენტისთვის, რომელიც გამოიყენებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


