თამარ ჩიბურდანიძე ევროპაში მიმდინარე იდეოლოგიური პროცესების შესახებ: „დღევანდელი ევრობიუროკრატების იდეოლოგია თავიდან ბოლომდე ფსევდოლიბერალიზმია, რომელსაც კლასიკურ ლიბერალიზმთან არანაირი შეხება აღარ აქვს და მთლიანად ჩაეხსნა იმ ღირებულებით ლიბერალიზმს, რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოიშვა და ეროვნული სახელმწიფოების იდენტობის განსაზღვრისთვის იყო შექმნილი. დღევანდელი ლიბერალიზმი კი ეროვნული იდეოლოგიის წაშლაზეა ორიენტირებული“
„დღევანდელი ევრობიუროკრატების იდეოლოგია თავიდან ბოლომდე ფსევდოლიბერალიზმია, რომელსაც კლასიკურ ლიბერალიზმთან არანაირი შეხება აღარ აქვს და მთლიანად ჩაეხსნა იმ ღირებულებით ლიბერალიზმს, რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოიშვა და ეროვნული სახელმწიფოების იდენტობის განსაზღვრისთვის იყო შექმნილი. დღევანდელი ლიბერალიზმი კი პირდაპირ ეროვნული იდეოლოგიის წაშლაზეა ორიენტირებული“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თამარ ჩიბურდანიძემ ევროპაში მიმდინარე იდეოლოგიური პროცესების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ლიბერალური ტოტალიტარიზმი ევროპაში – დიქტატურა, ლიბერალური დიქტატურა ევროპაში, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა. დიქტატურა ხომ სხვა არაფერია, თუ არა ძალადობით შენი იდეოლოგიის გავრცელება. არ არის მიმღებლობა საზოგადოებაში? – ამას ძალით ავრცელებ, გინდა შენი იდეოლოგიის დაცვა? – იღებ კანონებს და ამით ხელს უშლი შენს მოწინააღმდეგე მხარეს, რომ შენს იდეოლოგიას იდეოლოგიითვე დაუპირისპირდეს.
რა არის ლიბერალების, ევროპისა და ევროკავშირის, ევრობიუროკრატების მიზანი? მათი ყველაზე სახიფათო მიზანია, რომ თუ აქამდე ლგბტქ თემის უფლებების დაცვა ძირითადად უფრო ზრდასრული ადამიანების სეგმენტზე იყო გათვლილი (ანუ მათზე, ვინც უკვე ამ ცხოვრების მიმდევარია, ამ თემის წევრია), დღეს უკვე ისინი გადავიდნენ ბავშვებზე და მთელი პროპაგანდა, მთელი ლგბტ იდეოლოგია ბავშვებზე ხორციელდება. სწორედ ამიტომ შემოიღეს კანონები და ჩვენ გვახსოვს ფონ დერ ლაიენის ბოლო კანონი, თუ რამდენად ხელმისაწვდომი გახდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლა სკოლის ასაკშივე. შესაბამისად, დღევანდელი ევრობიუროკრატებისა და ულტრალიბერალების მიზანია ახალგაზრდა თაობაში ღირებულებითი შეხედულებების შეცვლა და ფორმირება.
ისინი იცავენ თავიანთ „მონაპოვარს“ – რა თქმა უნდა, „მონაპოვარი“ დიდი აქვთ, რადგან მათ ძალიან დიდი ფენა გახვიეს ამ ცისარტყელის დროშაში. ეს არ ეხება აღმოსავლეთს და თუნდაც სამხრეთს, მაგრამ ეხება დასავლეთს, რომელსაც თავდაპირველად „საქრისტიანოს“ ეძახდნენ, და ამერიკას (თუმცა იქ ახლა ტრამპი მოვიდა და ცოტა სხვაგვარადაა საქმე). შესაბამისად, ევროპა დარჩათ ერთადერთ ასაღებ ბასტიონად, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება, რადგან როცა რაღაც იდეოლოგიური მოძრაობა კულმინაციას აღწევს და ის ორიენტირებულია ღირებულებების განადგურებაზე, ეროვნულ სახელმწიფოს უპირისპირდება პირდაპირ – აქ უკვე თავს იჩენს საპირისპირო ძალა – ეს არის კონსერვატიზმი. მაგრამ თუკი ლიბერალიზმი გადავიდა ზეაღმატებულ ხარისხში, ანუ აგრესიული ლიბერალიზმი, რაც დღეს სუფევს, აუცილებლად მას დაუპირისპირდება აგრესიული კონსერვატიზმი, რომელიც ასევე საშიშია. საშიშია რით? იმიტომ, რომ იწყება არეულობა – შეიძლება, ორივე მხარემ ძალა გამოიყენოს. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დაუპირისპირდნენ კიდეც მას კონსერვატორები, მემარჯვენე ძალები, მაგრამ აგრესიული კონსერვატიზმი ჯერ არ დაპირისპირებია, ვინაიდან ჯერ კიდევ არ აძლევენ გასაქანს მემარჯვენე ძალებს ევროპაში, თუმცა გარკვეულწილად ისინი უკვე თავიანთ ადგილებს იმაგრებენ პოლიტიკაში.
აქედან გამომდინარე, დღევანდელი ევრობიუროკრატების იდეოლოგია თავიდან ბოლომდე ულტრალიბერალიზმია, ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც კლასიკურ ლიბერალიზმთან უკვე არანაირი შეხება აღარ აქვს და მთლიანად ჩაეხსნა იმ ღირებულებით ლიბერალიზმს, რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოიშვა. ის ლიბერალიზმი, რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოიშვა, ეროვნული სახელმწიფოების იდენტობის განსაზღვრისთვის იყო შექმნილი. დღევანდელი ლიბერალიზმი კი პირდაპირ ეროვნული იდეოლოგიის წაშლაზეა ორიენტირებული.
თუკი ტრადიციები იქნება მყარი, თუკი ახალ თაობას გაზრდიან ეროვნულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნედ, თუკი ბავშვებში რწმენა, ოჯახური კულტურა და რელიგია ღირებულებითი იქნება, რა თქმა უნდა, მათი იდეოლოგია იქ ვერ შევა. აქედან გამომდინარე, ისინი უკვე ჩავიდნენ იმ ფენებში, რომლებიც ყველაზე სახიფათოა, და აქ აუცილებლად იფეთქებს დაპირისპირება. გარდაუვალია იდეოლოგიების ჯახი ევროპაში, გარდაუვალია იდეოლოგიური ბრძოლა და ომი ევროპაში“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.


