პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს”

„ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული; მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ევროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკური სურვილი, ჩვენი პოლიტიკური ნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

“თქვენ იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90 პროცენტი არის შესრულებული. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.

იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად ვუსწრებთ წინ ათასი ნაბიჯით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, სხვა კანდიდატ ქვეყნებს. დანარჩენი უკვე არის ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავი.

თუ ექნება ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.